weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ანაკლიის პროექტი ჩემი ხედვის და სტრატეგიის ნაწილია – მამუკა ბახტაძე

12:11 პარასკევი, 08 მარტი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, პოლიტიკური სპეკულაციაა განცხადებები იმის თაობაზე, რომ მთავრობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება არ სურს. როგორც ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, ანაკლიის პორტის პროექტი არის მისი ხედვის ნაწილიც, რომ საქართველო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით რეგიონული ჰაბი გახდეს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალებს, აქვთ მცდელობა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი „თიბისი ბანკის“ საკითხს მიაბან.

„არამგონია, ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ამ პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე - გინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გინდა ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და გინდა „საქართველოს რკინიგზაში“ მუშაობის პერიოდში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო მეტიც, ის გახლავთ ჩემი ხედვის და სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონბალური ჰაბი მათ შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით. ჩვენ ყველა დონეზე შევეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი, რომ ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას განიხილავს პრიორიტეტულ პროექტად და რა თქმა უნდა, ამავე დროს, ევროკავშირმა იმ პრიორიტეტულ საინვესტიციო გეგმაში, რომელიც წარმოადგინა, ანაკლია შეიყვანა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში. აქედან გამომდინარე, მინდა ძალიან ლოგიკური კითხვა დავსვა –

როგორ შეიძლება ამის მერე ვინმეს ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია. ეს არის ყველაზე იაფი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც კი ბოლო პერიოდში მომისმენია და ამავე დროს, სრულიად უპასუხისმგებლო.

თუ ვინმეს აქვს გათვიცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ამის თქმის უფლებას საკუთარ თავს ნამდვილად არ მისცემს. შესაბამისად, მრჩება მხოლოდ ერთი მოსაზრება ამ საკითხზე, რომ ეს არის ძალიან იაფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და მცდელობა იმისა, რომ საკითხიდან, რომლიც პროფესიული მსჯელობის საგანი უნდა იყოს, აქცენტის გადატანა ხდება ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანაკლიის პროექტი მთავრობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია.

„თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია. მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ბანკთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. 9 იანვარს, პროკურატურამ განმარტა, რომ საქმე ეხება 11 წლის წინ განხორციელებულ საბანკო ოპერაციებს, სადაც „აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები“.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლი, მამუკა ხაზარაძე ფულის გათეთრებაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. მისი განცხადებით, პროკურატურის განცხადება საფრთხეს უქმნის ანაკლიის პროექტის განხორციელებას.

„ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და ინფორმაციის ის გაჟონვები, რომელიც „გუგლში“ და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრი ჯაფარიძეს რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]