weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ მივიჩნევ რომ მაჩალიკაშვილთან მიმართებაში სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა – წულუკიანი

10:14 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მას არ მიაჩნია, რომ პანკისში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ, რომ ეს დამტკიცებული არ არის. 

თეა წულუკიანმა ამ საკითხზე 21 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა. მან „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის შეკითხვას უპასუხა.

„მაჩალიკაშვილზეც მკითხეთ, ბატონო სერგო – სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული და საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას თუ არა და ემხრობით თუ არაო. მე არ მივიჩნევ, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, რადგან ეს არ არის დამტკიცებული. თქვენ იძახით, ხან გოგაშვილი, ხან ვიღაცების გვარებს, ეს თქვენ დაადგინეთ თუ ვინ?

ეჭვი არსებობს, კი ბატონო. მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა, თუ ამ სიტყვებით გინდათ, ამ სიტყვებით გეტყვით – ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს აქეთ-იქით.

სხვა ნაკლები მოგვიძებნეთ, ყველას ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ არა ის, რაც არ გაგვიკეთებია“, – მიმართა სერგო რატიანს თეა წულუკიანმა.

დეპუტატის კითხვაზე, უნდა შეიქმნას თუ არა მაჩალიკაშილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტია.

„საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია და გადაწყვიტეთ, მაგრამ მე თუ მეკითხებით ჩემს პოზიციას, ის საპარლამენტო კომისია, რომელიც თქვენ შექმენით ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოსაძიებლად და დამიბარეთ, კითხვები ვერ შეიმუშავეთ. მაჩალიკაშვილის საქმეზე თუ კომისია შეიქმნება, არ ვიცი დამიბარებთ თუ არა, რა შუაში ვარ, მაგრამ დამიბარეთ თუ გნებავთ, მაგრამ ვისაც დაიბარებთ, კითხვები მაინც მოამზადეთ და წესიერად გამოიძიეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. სუს-ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა. მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. იმავე სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებული სხვა პირები კი სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ სცნო.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.

ამ თემაზე:

სპეცოპერაციას, რა დროსაც მაჩალიკაშვილი მოკლეს, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]