weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანია – კობახიძე

13:12 კვირა, 31 მარტი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა. კობახიძე იმედოვნებს, რომ ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ის იყო პატრიოტი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში. ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან კარგ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ გამთლიანებას. ის იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და ჩვენი ვალია მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ.

 სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, მისი ბოლომდე მოყვანა. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი.

სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ ცვლილება. შესაბამისად, არის სრული მხარადჭერა სამართალდამცველი ორგანოების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ გაიცემა პასუხები“, – თქვა კობახიძემ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას 80 წელი შეუსრულდებოდა.

ზვიად გამსახურდია, ცნობილი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი, 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ქართული დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის აპრილში აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში ქვეყნიდან განდევნეს, სამხედრო გადატრიალების შედეგად. იგი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა. 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განაახლა, თუმცა ხანდაზმულობის ვადა 2018 წლის ბოლოს ისე იწურებოდა, რომ საქმე ჯერ გამოძიებული არ იყო. მას შემდეგ, რაც კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს, პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა გადაწყვიტა. შედეგად, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა დამატებით 5 წლით გახანგრძლივდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]