„მე ჩამოვალ ჩემს ვენახში, გავიხედ-გამოვიხედავ, მივიხედ-მოვიხედავ, დავწურავ პირველ მოსავალს – ძალიან მაგარ ღვინოს ვაკეთებ და მერე, შეიძლება, ყვარლის მერი გავხდე, შეიძლება, ლაზიკაში ჩავიდე და ლაზიკის მერი გავხდე და შეიძლება, საერთოდ არაფერი არ ვიყო და კონსულტანტი ვიყო პერსპექტიული, ახალგაზრდა საქართველოს მთავრობის; მუდმივად „ფეისბუქზე“ ვიჯდე და ხალხს ვარწმუნებდე, რომ ამის გაკეთება კარგია და ხანდახან ხმას აძლევდნენ ჩემს ინიციატივებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება არ სურს.
„წარმოიდგინეთ, მეუბნებით - ბახტაძის ადგილი ხომ არ გინდა? რანაირად შეიძლება მიშა სააკაშვილს უნდოდეს ბახტაძის ადგილი? ყველაფერი გაბანძებულია. ჩვენ ხელახლა უნდა ავაწყოთ მექანიზმი, სულ სხვა პრინციპებზე.
პირდაპირი დემოკრატია, ხალხის მმართველობა, მაქსიმალური თავისუფლება - ეს ყველაფერი რომ იქნება, მერე პრემიერი იქნება ჩვეულებრივი დაქირავებული ტიპი და მე არ ვიცი, მიმიზიდავს თუ არა ჩვეულებრივი დაქირავებული ტიპი ვიყო, რომელსაც ყველა თავში ურტყამს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 2017 წელს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვა. ამ დროისთვის სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირია. ნიდერლანდების მთავრობისგან მან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისად, ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მიიღო.