„როდესაც გიორგის ხელი ჩამოვართვი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რისიც ყოველთვის მჯეროდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. არის შეზღუდული გარემო, ჩვენ ყველამ ეს გარემო უნდა გავხსნათ და გავაუმჯობესოთ. თქვენ კარგად იცით რას ნიშნავს ქალაქისთვის კარგი მერი და სწორედ თქვენი ნება-სურვილით ტარდება აქ შუალედური არჩევნები. ეს არჩევნებიც არის ზუსტად იმის დასტური, რომ ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ ესმის თავისი მოსახლეობის ხმა, დაკვეთა და ასრულებს იმას, რაც სურს საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერად კენჭს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც იყრიდა. მაშინ ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კახაბერ მახათაძესთან დამარცხდა. მახათაძემ ამომრჩეველთა ხმების 54.7% მიიღო, ხოლო გოგლიჩიძე ხმების 10.89%-ით მესამე ადგილზე გავიდა. გიორგი გოგლიჩიძე კახაბერ მახათაძეს კორუფციაში ადანაშაულებდა და მის გადადგომას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა. მახათაძემ თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა.