„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს სასახლე დავუბრუნოთ ხალხს და შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით იქნება მინიჭებული ახალი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო სასახლისთვის. რაც შეეხება ცერემონიებს, ეს იქნება სასახლის მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქცია. მთავარი ფუნქცია იქნება ხალხისთვის მომსახურება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე და საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს.
პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე, ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის ყოფილი სასახლე სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გადაკეთდა.
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა. რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა.