აგვისტო 22, 2019
weather cur horoscope tv

„დაიცავი საქართველოს“ ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი – კობახიძე

13:26 ორშაბათი, 15 აპრილი 2019 hits 142

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „დაიცავი საქართველოს“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 3%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. ახალი ოპოზიციური პარტიის შესაძლო ფორმირებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

„3%-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ ადამიანებმა ჩამოაყალიბონ ახალი პარტიები, რადგან 3%-იანი ბარიერის გადალახვა უფრო მარტივია, ვიდრე 5%-იანის. აქედან გამომდინარე არის ეს ინტერესი. თუ გაჯანსაღდება პოლიტიკური სპექტრი, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას, თუმცა ასეთი სახეებით, ბუნებრივია, ვერცერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტს კითხვაზე, ვინ არ მოეწონა „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენლებიდან, კობახიძემ უპასუხა:

„ზოგადად, საერთო სურათს თუ ნახავდით და ლიდერებს, რომლებიც დარბაზში იყვნენ წარმოდგენილი, აშკარაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ, ამ სახეებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, 3%-მდე ასვლა ძალიან ძნელია“.

ირაკლი კობახიძის თქმით, „სახეებში“ მმართველი პარტიიდან წასულ ეკა ბესელიასაც გულისხმობს.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც 13 აპრილს, „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე იმყოფებოდა, ირაკლი კობახიძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომ „დაიცავი საქართველო“ არა პოლიტიკური პარტია, არამედ საზოგადოებრივი მოძრაობაა.

„იქ მოვიდა საზოგადოება, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და იმ ადამიანებს ეუბნები, რომ ბარიერს ვერ გადალახავო, რა დროს ეგ არის, როდესაც საზოგადოება იკრიბება და წუხს იმის გამო, რაც სასამართლოში ხდება“, – განაცხადა ბესელიამ.

13 აპრილს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ შეკრებაზე მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა, დავით მაღრაძემ განაცხადა, რომ მოძრაობის ამოცანაა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან ისე გაუშვას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნოს. მაღრაძემ არ გამორიცხა, რომ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს.

„დაიცავი საქართველოს“ შეკრებას ესწრებოდნენ „ქართული ოცნებიდან“ წამოსული პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები - ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]