weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ადვოკატთა ასოციაცია პარლამენტს ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

10:17 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019
ფოტოზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ფოტოზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა ყურადსაღებ მითითებებს შეიცავს და იმედს გამოთქვამს, რომ მათ პარლამენტი გაითვალისწინებს.

ადვოკატთა ასოციაციის შეფასებით, ვენეციის კომისია ნათლად მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

„იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლო არ იქცეს დახურულ ინსტიტუციად, დაკომპლექტების პროცესი უნდა ეფუძნებოდეს მრავალფეროვნების პრინციპსა და იურიდიული პროფესიის ფართო წარმომადგენლობას. აღნიშნული პათოსის გაგრძელებაა ვენეციის კომისიის ის არგუმენტიც, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატს, რომელიც მაღალი პროფესიული რეპუტაციით სარგებლობს არ უნდა მოეთხოვებოდეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება“, – აღნიშნავენ ადვოკატთა ასოციაციაში.

მათივე განცხადებით, ვენეციის კომისია თავის დასკვნაში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ უზენაეს სასამართლოში, რომელიც არის საბოლოო ინსტანცია, მოსამართლეთა გამწესების პროცესი უნდა სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.

„ამიტომ, კომისიის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლოა, გააჩნდეს საზოგადოების დაბალი ნდობა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა უნდა განხორციელდეს უდიდესი სიფრთხილითა და ყურადღებით“, – აცხადებენ ადვოკატთა ასოციაციაში.

ასოციაციის შეფასებით, ამის გამოძახილია ვენეციის კომისიის ის რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეფასდნენ არა ფარული კენჭისყრით, არამედ ქულათა სისტემით, წინასწარ განსაზღვრული და საჯაროდ გამოქვეყნებული კრიტერიუმების საფუძველზე.

„ეს შექმნის იმის წინაპირობას, რომ უზენაეს სასამართლოში გამწესდებიან მაღალი რეპუტაციის, პიროვნული სიმტკიცის, სამართლიანი და კეთილსინდისიერი კანდიდატები, რომელთა გამწესებაც არ იქნება დამოკიდებული სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე. ასევე, აღსანიშნავია ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები, რომელიც მიუთითებს, რომ საბჭოს წევრის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს შესაბამისად დასაბუთებული და იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელიც მონაწილეობს კონკურსში სრულად უნდა ჩამოშორდეს საკონკურსო პროცესს. მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა შეიცავს ძალზედ ყურადსაღებ მითითებებს და იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტი სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, გაითვალისწინებს მათ და ამით პოზიტიურ წვლილს შეიტანს სანდო და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაში“, – აცხადებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე დასკვნა ვენეციის კომისიამ გუშინ გამოაქვეყნა. როგორც საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გაზიარება შესაძლებელია. მისივე თქმით, ამ საკითხზე გაიმართება შეხვედრა როგორც უმრავლესობის წევრებთან, ისე დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]