weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვენეციის კომისიამ კობახიძის კანონპროექტის მხოლოდ სათაური არ გააკრიტიკა – ბესელია

13:11 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ვენეციის კომისიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და უმძიმესი შეფასებები დადო. ბესელიას თქმით, ყველა, ვინც ამბობს, რომ დასკვნა დადებითია, ან ცრუობს ან თავს იტყუებს.

„ის, რაც არ არის გაკრიტიკებული, არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, ყველაფერი დანარჩენი გატარებულია კრიტიკის ქარცეცხლში. პრინციპების დონეზე კანონპროექტი არ შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში გაკრიტიკებულია უვადოდ დასანიშნი მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმები და აღნიშნულია, რომ გამოცდის ჩაბარება არ უნდა იყოს უვადოდ დანიშვნის წინაპირობა.

„გაკრიტიკებულია ასაკი, გამოცდილება და მიჩნეულია, რომ ეს არის ძალიან დაბალი სტანდარტი. ჩვენს კანონპროექტში კი გამოცდილების თვალსაზრისით უფრო მაღალი სტანდარტია შემოთავაზებული. გაკრიტიკებულია კენჭისყრის პროცესი, შერჩევის პროცესი, ასევე ფარული კენჭისყრა. გაკრიტიკებულია ინტერესთა კონფლიქტის არსებული მოდელი, რასაც ჩვენც ვაკრიტიკებდით. პირდაპირ მითითებულია, რომ ასეთი დაბალი დონის სტანდარტი არღვევს საერთაშორისო მიდგომებს, რომელსაც უნდა იცავდნენ ქვეყნები. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ჩიხში შევიდეს კენჭისყრის პროცესი. გაკრიტიკებულია ყველა პრინციპი, ყველა ეტაპი, რაც ამ კანონპროექტშია მითითებული“, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები პარლამენტს მოუწოდებენ ირაკლი კობახიძის კანონპროექტი ჩააგდონ. ბესელია უმრავლესობას ალტერნატივად მის და კიდევ 12 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სთავაზობს. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, მზად არის კანონპროექტში კორექტირება შეიტანოს, თუ შედეგად კანონპროექტი დამტკიცებისთვის საჭირო 76 ხმას მიიღებს.

„მმართველ პარტიას გამოსავალს ვთავაზობთ, რომ ჩააგდონ ირაკლი კობახიძის კანონპროექტი. ეს კანონპროექტი პრინციპების დონეზე შესაცვლელია. ამ კანონპროექტის მიღება იქნება წასვლა ყველას წინააღმდეგ, ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს. ჩვენი კანონპროექტი, რომელიც ამ კვირაში უნდა წარსდგეს სესიაზე, ითვალისწინებს ყველა იმ პრინციპს, რასაც ვენეციის კომისია რეკომენდაციის სახით იძლევა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე დასკვნა ვენეციის კომისიამ გუშინ გამოაქვეყნა. როგორც საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გაზიარება შესაძლებელია. მისივე თქმით, ამ საკითხზე გაიმართება შეხვედრა როგორც უმრავლესობის წევრებთან, ისე დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]