weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მომავალში ზუგდიდს უნდა ავარიდოთ „ნაცმოძრაობის“ მმართველობა – ჩიქოვანი

11:46 შაბათი, 20 აპრილი 2019

„მომავალში ქალაქს უნდა ავარიდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომელიც რამდენიმე წლით კვლავ უკან დახევს ზუგდიდს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანი გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის ბრალდებას, რომ მმართველი პარტია ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელს უშლის. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, უდუმაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ სხვა წევრს, რომელიც ზუგდიდში სტუმრად იმყოფება, ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვს, რა ხდება მუნიციპალიტეტში.

„ზუგდიდი, სამეგრელო ყოველთვის იყო მიჩვეული იმას, რომ აქ ადამიანები ურთიერთობენ პატივისცემითა და სიყვარულით, რა თქმა უნდა, პატივს სცემდნენ კანონს და ასეც გაგრძელდება. ძალიან ბევრი მცდელობა იქნება, რომ მთლიანად საზოგადოება შეცდომაში იყოს შეყვანილი და მაქსიმალურად დაიძაბოს მათი მხრიდან საარჩევნო გარემო. ჩვენ ამისთვის მოწადინებული არ ვართ, ჩვენი მიზანია ზუგდიდლებს შევთავაზოთ შესაძლებლობა, რაც აქვს ქალაქს.

ვხედავთ, რომ ქალაქმა გამოიღვიძა და აქ ახალი შესაძლებლობები იქმნება და მომავალში ქალაქს უნდა ავარიდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომელიც რამდენიმე წლით კვლავ უკან დახევს ზუგდიდს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ყველა კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში გამოძიება დაწყებულია, „გამოძიებას უნდა დაველოდოთ და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“.

ზაალ უდუმაშვილი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ და პოლიცია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს უშლის. მისი თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს შემოიტანოს დესტაბილიზაცია და არეულობა. ზაალ უდუმაშვილამდე თავად მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა თქვა, რომ გადაცმული პოლიციელები მანქანით დასდევენ და მოსახლეობასთან შეხვედრების დროს პროვოკაციებს აწყობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]