„საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წინა არჩევნები შეფასებული იყო როგორც ძალადობის მხრივ ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. ზუსტად ასე, ყველა მხარე, ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული დეტალურად და შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე - მიეცემა პასუხისგებაში.
არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციებით და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია.
ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, წყნარად, მშვიდად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესი და მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება გამოხატონ თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
დადიანების სასახლის ეზოში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატთან, სანდრა რულოვსთან ინტერვიუს დროს ინციდენტი მოხდა. როგორც ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიში“ იუწყება, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ტელეკომპანიის განცხადებით, დაპირისპირება 15 წუთს გაგრძელდა, პოლიცია კი ადგილზე დაგვიანებით მივიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.