„ის არის სრული აბსურდი. რამოდენიმე დღეა ვიმყოფები ზუგდიდში, ვაკვირდები საარჩევნო უბნებს. აღმოვაჩინე ძალიან ბევრი დარღვევა. აქედან გამომდინარე, ეტყობა, ყელში ვყევარ გაჩხერილი დღევანდელ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი აპირებენ არჩევნების გაყალბებას და ყველანაირ ხრიკს მიმართავენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვარ, წევრი ვარ, მაგრამ, როგორც ასეთი, არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს. არანაირ თათბირზე არ ვყოფილვარ“, – განაცხადა ნინია ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, კარგად არ იცნობს და მხოლოდ რამდენჯერმე არის შეხვედრილი სალომე ჭელიძეს, რომელიც, თალაკვაძის თქმით, ასევე ფიგურირებს ჩანაწერში.
უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საარჩევნო შტაბის თათბირზე საუბრობენ, რომ არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, შემდეგ კი მთელი საქართველო.
თალაკვაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამაც უარყო. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანაწერის ავთენტურობის დადგენისკენ მოუწოდა. თინა ბოკუჩავას თქმით, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრები არ არიან.