გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდელებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ნაბიჯი რჩება გამარჯვებამდე.
„ზუგდიდში 16:00 საათია და საბოლოო გამარჯვებამდე ოთხი ნაბიჯი რჩება. ძალიან დიდი მადლობა ზუგდიდელებს. ისინი აქტიურად გამოხატავენ საკუთარ არჩევანს, მოდიან საარჩევნო უბნებზე და მასიურად უჭერენ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს. ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამის დასტურია პანიკაში მყოფი ე.წ. „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური პოლიცია სუს-ი, პროვოკატორები, ზონდერები, სიგარეტის კოლოფში ჩაკუჭული ფული, რომელსაც ისინი მოყვანილ ხალხს უხდიან. სრულიად ნირწამხდარი და დემორალიზებული არიან. ამის კიდევ ერთი დასტურია, რომ ე.წ. „ქართული ოცნების“ და ე.წ. ხელისუფლების მთავარი გამყალბებელი შს მინისტრი სასწრაფოდ ჩამოქანდა სამეგრელოში. უზარმაზარი მადლობა ჩვენს დამკვირვებლებს, მხარდამჭერებს, ხალხს, რომლებმაც დღეს აღკვეთეს გაყალბების უამრავი მცდელობა მათ შორის, „კარუსელის“, მოსყიდვის ფაქტები“, – თქვა ვაშაძემ პრესკონფერენციაზე.
პარალელურად, „ქართული ოცნების“ შტაბში აცხადებენ, რომ მათი კანდიდატი გიორგი (გეგა შენგელია) არჩევნებს დამაჯერებლად იგებს და მეორე ტური საჭირო არ იქნება.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდება. 15:00 საათის მდგომარეობით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 32.8% იყო.