weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წარმოუდგენელია ფოთის პორტზე 2 მაისს გაცემულ ნებართვაზე მთავრობაში არ სცოდნოდათ – გოცირიძე

15:16 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, წარმოუდგენელია, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთი თვის წინ გაცემული ნებართვის შესახებ მთავრობაში არ სცოდნოდათ.

გოცირიძის თქმით, პარლამენტში უნდა მივიდნენ, როგორც ნათია თურნავა, ისე მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, რომელიც ფოთის პორტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„მთავრობამ უკან დაიხია, ძალიან უხეშად გამოუვიდა ანაკლიის პორტის ჩაგდება. მას მიჰყვებოდა ძალიან დიდი და სერიოზული საერთაშორისო რეზონანსი. წარმოუდგენელია, ერთი თვის წინ წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ მინისტრს არ სცოდნოდა და არ სცოდნოდათ მთავრობაში.

მოხსნეს უდანაშაულო ადამიანი, ვინმე კაკაურიძე. მასზე ჯოხი გადატეხეს. როგორც ამბობენ, არის პროფესიონალი და წესიერი კაცი, გამოცხადდეს და მოახსენოს პარლამენტს, რა მოხდა, რატომ არის განტევების ვაცად გადაქცეული და რატომ შეახოცეს მას ხელი.

ანაკლიის პროექტის ჩაგდება იყო სწორედ ამ მექანიზმით გათვალისწინებული. არავითარი პორტი ფოთში არ აშენდებოდა, ანაკლიის პროექტი დაწყებულია და ორ წელიწადში დამთავრდება, თუ მთავრობამ ხელი არ შეუშალა.

ფოთის პორტის მშენებლობას დასჭირდებოდა მრავალი წელიწადი, მით უმეტეს, ანაკლიის შემდეგ მსგავს პროექტს აზრი არ აქვს. მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს ან რომელიმე მაღალჩინოსანს უნდა ეცნობებინა საზოგადოებისთვის, რომ ფოთში ახალი ნავსადგური შენდება, მაგრამ როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. არ არის გამორიცხული, ძალიან მკაცრი რეაქცია ჰქონოდათ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისგან. ეს იყო ცრუ მოთხოვნა პორტის აშენებაზე, რომლის მთავარი მიზანი იყო მაისში ინვესტორებისთვის ანაკლიის მშენებლობისთვის დაგეგმილი 400 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფა. ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში ვითარდება, ეს არის საქართველოს ხელისუფლების კორუფციული და რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესები. ბატონი კაკაურიძე, რომელიც გაათავისუფლეს, გამოცხადდეს პარლამენტში. ჩვენ ვიბარებთ ნათია თურნავას. ფრაქციამ დილით განაცხადი შევიტანეთ. კეთილი ინებოს ნათია თურნავამ და მოგვახსენოს ამ ისტორიის შესახებ. წარმოუდგენელია, რომ 2 რიცხვში გაცემული ნებართვა, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოს სტრატეგიულ პროექტს აჩერებდა, არ სცოდნოდა პრემიერ-მინისტრს, ივანიშვილს, თურნავას. ჩვენ პრეტენზია გვაქვს ქობულიასთანაც. ისიც კაი ვირეშმაკა გამოდგა, მოვიდა და თავი მოისაწყლა. განაცხადი შეტანილი იყო ოქტომბრის თვეში და მას საზოგადოებისთვის უნდა ეთქვა, თუ მსგავსი რისკები არსებობდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალსმა“ ინფორმაცია გუშინ, 29 მაისს გაავრცელა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შემდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განაცხადა, რომ ამ ნებართვის შესახებ არაფერი იცოდნენ. კონსორციუმმა მთავრობა ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა. მათი თქმით, თუ ფაქტს მყისიერი და რადიკალური რეაგირება არ მოჰყვებოდა, ანაკლიის პორტის შენებლობა შეჩერდებოდა.

დღეს 30 მაისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ დოკუმენტი პროცედურული დარღვევებით არის გაცემული, რის გამოც მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არცერთ მოქმედ წევრთან და არც ჩემთან პირადად“, – განაცხადა თურნავამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]