როგორც გრიგოლ ვაშაძემ თქვა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, მათ 300 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.
„დღეს მთლიანად ოპოზიცია - ოცი პარტია და სამოქალაქო მოძრაობა შეიკრიბა იმისთვის, რომ შუალედური შედეგები შევაჯამოთ. 300 ათასამდე ხელმოწერაა შეგროვებული. ამ პროცესს გავაგრძელებთ.
სახეზეა უპრეცედენტო კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებში, სამოქალაქო საზოგადოებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. ყველამ იცის, რომ ეს სისტემა, რომელიც ასე ადვილად იძლევა გაყალბების საშუალებას, უნდა შეიცვალოს გაცილებით უფრო სამართლიანი სისტემით.
ყველამ იცის, ამ შენობის წინ ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს მოხდება ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვინდა ე.წ. „ქართულ ოცნებას“ საშუალება მივცეთ კიდევ ერთხელ გაიაზროს ის, რომ მთელ საზოგადოებასთან არის დაპირისპირებული და ცივილიზებული პოლიტიკური გზით განახორციელოს ეს პროცესი“, – განაცხადა ვაშაძემ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ხელმოწერების შეგროვება იანვარში დაიწყეს. ხელმომწერები ითხოვენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.