კორძაიას თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე არ მიანიშნებს ის ფაქტი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას დღეს წინასწარი პატიმრობა არ შეეფარდა.
„ერთი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები არიან დამოუკიდებლები და თავისუფალი თავისი გადაწყვეტილების მიღებაში და მეორე სასამართლო. ამ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ არავითარი თავისუფალი ნება ხელისუფლებაში არ არსებობს და ყველა მოქმედებს იმის მიხედვით, თუ რას გადაწყვეტს ერთი კონკრეტული ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი.
სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნიკა მელიას საჯარო გამოსვლები ეკრძალება. ასეთი ფართო ინტერპრეტაცია სისხლის სამართლის კოდექსის სადაო საკითხია.
დღეს მთავარია, რომ ადამიანი არ წავიდა ციხეში მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ დამსახურება არ არის. ეს კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ერთმა ადამიანმა მიიღო ამ ქვეყანაში.
მე მაინტერესებს პარლამენტის წევრები როგორ შეხედავენ თვალებში საკუთარ კოლეგებს, ნიკა მელიას ან ჩვენს თანამოქალაქეებს, იმიტომ, რომ გუშინ მათ დაადასტურეს, რომ საერთოდ არ აქვთ საკუთარი აზრი არცერთ საკითხთან დაკავშირებით. [...]
ჩვენს ქვეყანაში არცერთ ხელისუფლებას არ უკადრია ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ - მანდატის შეჩერება/შეწყვეტა კოლეგისთვის ამ მიზეზით არ მომხდარა.
უნდა მიხვედრილიყვნენ გუშინვე, რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი დისკუსიის და სკანდალის თემა. დღეს ეტყობა გააცნობიერეს და უკან დაიხიეს ოდნავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოა დამოუკიდებელი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი პარლამენტმა გუშინ შეუჩერა. კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ პროკურატურას არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას საფუძველი ჰქონოდა.