weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მელიასთვის დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

15:33 შაბათი, 29 ივნისი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივა იმ შეზღუდვების ნაწილი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეპუტატს დაუწესა.

როგორც კონდახიშვილმა განაცხადა, არაკონსტიტუციურია ის, რომ პარლამენტარმა სახლიდან გასვლის შესახებ საგამოძიებო ორგანოს უნდა აცნობოს. გარდა ამისა, ადვოკატს ბუნდოვნად მიაჩნია შემზღუდავი ღონისძიება, რომლის მიხედვითაც, მელიას ეკრძალება იმ პირებთან კონტაქტი, რომლებიც შესაძლოა, მომავალში ამ საქმის მოწმეები გახდნენ.

„იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა სრულფასოვნად და შეუფერხებლად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, როგორიცაა პარლამენტში მისვლა, სესიაზე და კომიტეტებზე დასწრება, კენჭისყრაში მონაწილეობა, აღნიშნული განჩინების ჩანაწერით, მან უნდა აიღოს ნებართვა პროკურორისგან. მიგვაჩნია, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, სადაც გარანტირებულია პარლამენტარის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების უფლება და პირიქით, ნებისმიერი დაბრკოლების შექმნა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას.

„მეორე საკითხია, რომ ჩვენს მიერ საჩივრდება ნიკანორ მელიასთვის იმ პირებთან კომუნიკაციის აკრძალვა, რომელთაც შესაძლოა, სამომავლოდ მიენიჭოს მოწმის სტატუსი. ეს ძალიან ბუნდოვანი განმარტებაა. შეიძლება, ათი ათასამდე ადამიანი გახდეს ხვალ და ზეგ გამოძიებისთვის ან დაცვის მხარისთვის საინტერესო ინფორმაციის მომწოდებელი და სამომავლოდ შეიძლება ამ ჩამონათვალში განუზომელ პირთა წრე მოხვდეს. შესაბამისად, ვითხოვთ განმარტებას, რას ნიშნავს პირთა წრე, რომელსაც შესაძლოა, მიენიჭოს მოწმის სტატუსი“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და დამატებითი ვალდებულებები დააკისრა. კერძოდ, მელიას აეკრძალა: სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; ასევე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ამიტომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, ბრალდების მხარეც გაასაჩივრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]