weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ ყვარლისთვის რეანომობილის შეძენას ითხოვს

12:39 სამშაბათი, 02 ივლისი 2019
ფოტო © 1tv.ge ფოტო © 1tv.ge

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის რეანომობილის შეძენას ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, სათანადო სამედიცინო სერვისის არარსებობის გამო, ყვარელში რვა ადამიანი, მათ შორის მისი ბიძა, საკრებულოს ყოფილი წევრი ბესიკ იაშვილი გარდაიცვალა.

რეანომობილის შეძენის საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა ხატია დეკანოიძემ და პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა გუშინ მოითხოვეს, რასაც ხმაური მოჰყვა. დეკანოიძის თქმით, მისი ბიძა გულის შეტევით სწორედ იმის გამო გარდაიცვალა, რომ ყვარლის საავადმყოფოს არ აქვს რეანიმაცია და არ ჰყავს რეანომობილი. მისი თქმით, თელავში პაციენტის ტრანსპორტირებას 4 საათი დასჭირდა.

„მე მაქვს ერთი კითხვა - მთელი შვიდი წლის განმავლობაში, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ბესიკ იაშვილი და კიდევ შვიდი ადამიანი არ გარდაცვლილიყო? რატომ არ სვამთ საკითხს, რომ ყვარელს, რომელიც ჩიხური გეოგრაფიული მდებარეობის არის, კატასტროფის ბრიგადა ემსახურებოდეს. კახეთს მხოლოდ ორი კატასტროფის ბრიგადა ემსახურება. მიხვედით თუ არა ჯანდაცვის მინისტრთან, იყო თუ არა ის აქ? რა გააკეთეთ, რომ მე არ დამეკარგა ძვირფასი ოჯახის წევრი და ის შვიდი ადამიანი რომ არ გარდაცვლილიყო იმიტომ, რომ წნევის აპარატი არ იყო“, – მიმართა დეკანოიძემ საკრებულოს წევრებსა და თავმჯდომარეს.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოგვიანებით გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ის ამბობს, რომ ბესიკ იაშვილის გარდაცვალება ოპოზიციურმა პარტიამ „პოლიტიკური ქულების დასაწერად“ გამოიყენა.

„სახელმწიფომ ჩვენი კოლეგის, ბესიკ იაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიჩინა გულისხმიერება და დახმარება. მხედველობაში გვაქვს როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება. არ გვინდოდა სხდომაზე გვეჩვენებინა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება, შეგვიძლია წარმოგიდგინოთ დოკუმენტაცია, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2016 წელს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწული დახმარება 500 ლარის ოდენობით. ასევე, მის ოპერაციაში, რომელიც ჩატარდა თელავში, სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გადახდილი აქვს 1256 ლარი. შესაბამისად, მისი მოთხოვნა გვერდში დგომის შესახებ, არცერთხელ არ დაუტოვებია მუნიციპალიტეტს უყურადღებოდ“, – აცხადებს დავით ქევხიშვილი.

მისივე თქმით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს ის, თითქოს, ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რათა „უფრო სრულყოფილი გახდეს ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისებით უზრუნველყოფა“.

„უკვე ჩატარდა ტენდერი, რომლის საერთო ღირებულება 238 000 ლარია, რომელიც მოიგო შპს „დამბამ“ და უახლოეს პერიოდში ყვარელს ექნება ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი, ხოლო მუნიციპალიტეტის მერია უკვე ანხორციელებს მოლაპარაკებას შესაბამის სტრუქტურასთან, რათა იგი აღჭურვილი იყოს რეანომობილით“, – აღნიშნა დავით ქევხიშვილმა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუნიციპალური კლინიკის ბაზაზე ახალი საავადმყოფოს გასაკეთებლად თანხა გამოყო. ქევხიშვილის ინფორმაციით, შესაბამისი პროექტი უკვე შეძენილიც აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]