weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბრძანება მე გავეცი – შს მინისტრი 20 ივნისის აქციის დარბევაზე

21:44 ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს მან უბრძანა პოლიციას პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დასაშლელად სპეციალური საშუალებები გამოეყენებინა. როგორც გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებით, კანონი არ დარღვეულა.

„რა თქმა უნდა, ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში.

სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი.

პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტელეწამყვანის კითხვაზე, მან გასცა თუ არა ბრძანება „იმ საშინელი ტყვიების გამოყენებაზე“, გახარიამ განაცხადა: „მე მესმის თქვენი. სიტყვა „საშინელი“ თქვენთვის მისაღებია, ჩემთვის არ არის მისაღები, იმიტომ, რომ ის ტყვია არის არალეტალური და მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემისთვის გამოსაყენებლად“.

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და ერთ-ერთი მათგანის - ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, საიდანაც მან რუსულად მიმართა ასამბლეის მონაწილე ქართველ და უცხოელ დეპუტატებს.

პარლამენტთან შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ და ითხოვდნენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები რამდენჯერმე გამოიყენა. აქციის დარბევის ამსახველი კადრებიდან ჩანს, რომ ისინი დემონსტრანტებს დამიზნებით ესროდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დარბევისას დაშავებული 240 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 102 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ორ ადამიანს ოპერაციით თვალის ამოღება დასჭირდა, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის შეფასებით, სპეცრაზმმა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]