„რამდენიმე ჯგუფი უბრალოდ გაიშალა ქალაქში - ეს იყო რუსთაველის გამზირი, ეს იყო გმირთა მოედანი და მელიქიშვილი. მე არ ვამბობ ყველაზე. გამთენიამდე ეს ხალხი, დაახლოებით 300-400 ადამიანი, რომლებთანაც პირდაპირ კომუნიკაციაში იყო, მათ შორის, ნიკანორ მელიაც, დილის 5-დან 6 საათამდე გმირთა მოედანზე... ეს იყო ყველაზე მძიმე წუთები, როდესაც ახალგაღვიძებულ ქალაქს, მოქალაქეებს პირდაპირ ფიზიკურ რისკს უქმნიდნენ, არბევდნენ და ეს იყო ჩვეულებრივი შეტევები როგორც მოქალაქეზე, ასევე მათ ქონებაზე და ასევე პოლიციაზე და ეს კადრები მთელმა ქვეყანამ იხილა. რაღაც მომენტში გახდა აუცილებელი ამ ჯგუფების ლოკალიზება. რატომ იცით? 7 საათზე, 8 საათზე ქალაქი, რომ გაიღვიძებდა, ქალაქში იქნებოდა რამდენიმე ჯგუფი სხვადასხვა მოტივით, ახალგაზრდები, რომლებიც უბრალოდ მელიქიშვილის ქუჩაზე მიდიოდნენ და არბევდნენ ქუჩას და ეს კადრებიც არსებობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემაში „რეაქცია“.
ნიკა მელია 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული. მას პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მელიას გირაო შეუფარდა და შეზღუდვები დაუწესა, მათ შორის, ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულება.