weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მელიას მეტი კონტროლისთვის ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ – სააპელაციოს გადაწყვეტილება

13:32 სამშაბათი, 02 ივლისი 2019

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადვოკატის საჩივარი, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დეპუტატისთვის დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნას ითხოვდნენ. სააპელაციომ ასევე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას დამატებითი კონტროლის მიზნით ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ.

„ჩვენი საჩივარი რომ არ დაკმაყოფილდა, ეს არის პირდაპირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან. ახლა დამიმატეს, რომ სამაჯური უნდა გავიკეთო, ელექტრონული მონიტორინგი გულისხმობს ელექტრონულ სამაჯურს. გადმომცემენ სარეზოლუციო ნაწილს და უკეთ ვნახავ. ეს არის წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან. მე ისეთივე პარლამენტის წევრი ვარ, როგორც დანარჩენი 150. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, რომ იჯექი სახლში, არ გამოხვიდეო. გავიკეთებ, კი ბატონო, თქვენც ხომ გიკეთიათ საათი, საათის ნაცვლად გავიკეთებ ელექტრონულ სამაჯურს. ეს არის ბრძოლა, სადაც იმარჯვებს ძლიერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ პროცესის დასრულების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სააპელაციო სასამართლოში სარჩელი 29 ივნისს შეიტანა. ადვოკატის აზრით, არაკონსტიტუციურია ის, რომ პარლამენტარმა სახლიდან გასვლის შესახებ საგამოძიებო ორგანოს უნდა აცნობოს. გარდა ამისა, გიორგი კონდახიშვილს ბუნდოვნად მიაჩნია შემზღუდავი ღონისძიება, რომლის მიხედვითაც, მელიას ეკრძალება იმ პირებთან კონტაქტი, რომლებიც შესაძლოა, მომავალში ამ საქმის მოწმეები გახდნენ.

ნიკა მელიას პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და დამატებითი ვალდებულებები დააკისრა. კერძოდ, მელიას აეკრძალა: სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; ასევე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. პროკურატურა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ამიტომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, ბრალდების მხარემაც გაასაჩივრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]