„ამ განცხადებაში არის ისეთი სულისკვეთება, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს - რა თქმა უნდა, უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასამართლოს გამჭვირვალე პროცესი და ეს ასეც იქნება. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო - საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები, ამ პროცესის ირგვლივ, როგორც სხვა პროცესის მიმართ არ იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა „თიბისი ბანკი“ არ უნდა დააზარალოს.
„თიბისი“ ბანკი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ის სისტემური ბანკია ჩვენი ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, მე ადრეც ვთქვი და დღესაც მსურს გავიმეორო და ეს არის ჩემი მოწოდება ყველა მხარის მიმართ, მათ შორის იქნება ეს მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ადამიანები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პროცესისგან - ამ განცხადებებით არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკისათვის ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. „თიბისი“ ბანკი არის სისტემური, ძლიერი ბანკი, წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - აქედან გამომდინარე, ჩვენს განცხადებებში ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ სიტყვას, თითოეულ შეფასებას“, – განაცხადა ბახტაძემ.
24 ივლისს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია წარუდგინა. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად მოხდა.
25 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ შეშფოთებულნი არიან ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის „ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით“.