weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სერგეი გავრილოვს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის სიმამაცის იმედი აქვს

12:31 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019

რუსეთის დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, გავრილოვი იმედოვნებს, რომ „საქართველოს მთავრობის ახალ მეთაურს, რომელიც პრეზიდენტისგან დამოუკიდებელია, ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით... მხოლოდ ამას შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტის დაძლევის გარანტია“.

სერგეი გავრილოვმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ, 2 სექტემბერს, მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბახტაძის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

სერგეი გავრილოვი საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში იმყოფებოდა. რუსმა დეპუტატმა, რომელიც ასამბელის პრეზიდენტიც არის, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა ადგილი და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია. მისმა ამ საქციელმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რასაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა. გავრილოვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები იძულებულები გახდნენ საქართველო იმავე დღეს დაეტოვებინათ. მოგვიანებით კი, პარლამენტთან მიმდინარე აქცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის მიერ 21 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სპეცრაზმმა პარლამენტთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. 11 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აქციის დაშლის ბრძანება მან გასცა და ამის შესახებ მომიტინგეებიც გააფრთხილეს. მინისტრის თქმით, ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, რაშიც მას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ეთანხმება.

აქცია „სირცხვილია“ 20 ივნისის მოვლენების შემდეგაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]