აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციების გამართვას გააგრძელებენ და შესაძლოა, პროტესტის ფორმები უფრო გაამკაცრონ.
„ჩვენი ქვეყნის პირველი დიპლომატისგან ვითხოვთ გააკეთოს შესაბამისი შეფასება. ჩვენი მოთხოვნაა, უშუალოდ კრამერი გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონ გრატად, ვინაიდან მან შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ ქალბატონ ირმა ინაშვილს, არამედ ზოგადად ქართულ სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ირმა ინაშვილი 10 სექტემბერს, თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც ის მიწვეული არ ყოფილა, ხმაურით მივიდა. როგორც მან თქვა, სურდა პასუხი გაეცა იმ ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ კონფერენციაზე გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა ინაშვილსა და მედიას შენობის დატოვება მოსთხოვა. საბოლოო ჯამში, ირმა ინაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცეს. იმის გამო, რომ მას საუბარი გაუგრძელდა, დევიდ კრამერმა უთხრა, რომ მეტ დროს ვეღარ მისცემდა. ამის გამო, ირმა ინაშვილმა ამრიკელ დიპლომატს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, კრამერმა „გადააბიჯა საქართველოს კონსტიტუციას და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის წევრს“.