„ლელოს“ დაფუძნების ღონისიძებას, რომელიც ანაკლიაში დღეს გაიმართა, მიხეილ სააკაშვილმა „კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება“ უწოდა.
„ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე, ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი. თურმე, ამ ხაზარაძემ და კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრ, ფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა უნდა გაარღვიონ ეს წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე, ანაკლიის პორტი, იგივე ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, თუ არა ხაზარაძე და ის „შანტრაბა“ რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი, პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი გასული წლის არჩევნებზე. მართლა ხომ არ გგონიათ, რომ სკლეროზი გვაქვს? რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის პორტი ერთმანეთთან“, – აცხადებს სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც მის ფეისბუქ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის დაფუძნებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც აპირებენ.
„ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებისთვის, ამას ვაცხადებთ მთელი სერიოზულობით“, – განაცხადა ხაზარაძემ.