weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთს გადასცეს მოსაკლავად – ელენე ხოშტარია რუსეთისთვის ახიადოვის გადაცემაზე

19:21 ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019

„კიდევ ერთი ღიად პრორუსული და არაადამიანური გადაწყვეტილება“, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის წევრი, ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის რამზან ახიადოვის გადაცემას.

„ადამიანი გაწირეს და რუსეთს გადასცეს მოსაკლავად. თან პროცესზე პოზიცია ქონდათ, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები არ ირღვევა და ეხლა ამბობენ გარანტია მოგვცა რუსეთის პროკურატურამო. რუსეთის პროკურატურამ! სტრასბურგმა რომ დაადგინა, არ შეიძლება ასეთ ქეისებში გადაცემა, ეგ არ აინტერესებთ და რუსეთის პროკურატურა ავტორიტეტია ამათთვის! გაწირეს ადამიანი“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

39 წლის რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადიცია დღეს დილით განხორციელდა. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურისგან მიიღეს წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე ბრალდებისა, რამზან ახიადოვი ადამიანურ პირობებში ეყოლებათ. მინისტრის თქმით, ახიადოვი ბრალდებულია ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში 2013-2015 წლებში.

რამდენიმე დღის წინ ადვოკატმა, ალექსანდრე თათელიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ახიადოვი რუსეთის ფედერაციის პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ის შიშობს, რომ ექსტრადიციის შემდეგ წამება ან მოკვლა ემუქრება.

„ექსტრადიციის საქმეში მტკიცებულებები, თუნდაც მოწმის ჩვენება, რომ ეს კაცი არის დაკავშირებული ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არ დევს. რუსეთის ფედერაციაში გამოძიებას რა მტკიცებულებები აქვს, არ ვიცი. საქართველოს სახელმწიფო კონვენციებს იშველიებს და ამბობს, რომ არ იყვნენ ვალდებულნი რუსეთის ფედერაციის გამოძიების მასალები შეესწავლათ. თუმცა, ხომ უნდა იცოდნენ რატომ უგზავნიან ექსტრადიციის მოთხოვნას? დასაბუთებული ვარაუდი მაინც ხომ უნდა იყოს იმისი, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა?! ეს სტანდარტი დაცული არ არის. როდესაც ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშებში ნათქვამია, რომ რუსეთში არასახარბიელო მდგომარეობაა ადამინის უფლებების დაცვის და სამართლიანი სასამართლოს კუთხით, მეტად კრიტიკული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო“, – აცხადებდა ადვოკატი.

რამზან ახიადოვი ბოლო ორი წელი მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად საქართველოში, ქუთაისში ცხოვრობდა. ის გასული წლის დეკემბერში დააკავეს, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების დროს შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. ახიადოვს საქართველოს ხელისუფლებამ თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]