„პირველ რიგში, ამგვარი ქართული აქციები ნიშნავს იმას, რომ მათი ორგანიზატორები აღიარებენ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის არსებობას. სხვა საქმეა, რომ მათ არ უნდათ რეალობასთან შერიგება და პერიოდულად სახელმწიფო საზღვართან მდებარე სხვადასხვა რაიონებში აქციებს მართავენ. აქციები, რომლებიც დღეს დაანონსდა, ძალიან სახიფათოა სასაზღვრო რაიონებში, რადგან მათ შეიძლება თან ახლდეს პროვოკაციული გამოვლინებები, რასაც ვითარების გართულება მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს ეკისრება, რომელიც ასეთ მოჩვენებით აქციებს არ აღკვეთს“, - განაცხადა ჯიოევმა.
მისივე თქმით, „საზღვრის პატრულირების აქცია პროპაგანდისტული პროვოკაციების სცენარში ჯდება და წარმოადგენს იმ დესტრუქციული მიტინგების გაგრძელებას, რომლებიც თბილისიდან ჩასულმა აქტივისტებმა ბოლო დროს გამართეს“.
ჯიოევმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკივირვებლებს ქართული პროპაგანდისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შიდა ქართლში, სოფელ ყარაფილადან ბერშუეთამდე 24-საათიანი პატრულირება გამოაცხადეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პატრულირებას სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები მორიგეობით განახორციელებენ და ოკუპანტების ქმედებებს გააკონტროლებენ.
აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საოკუპაციო ზონა მაღალი რისკის არეალია, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია.
შს სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო პატრულირების ერთ-ერთი ინიციატორის, მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ წევრის დავით ქაცარავას განცხადებით, შესაძლოა აქციის ფორმატი შეიცვალოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი.