„ბრალს არ ვაღიარებ. კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.
სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი.
ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
„ქართული ოცნებიდან“ ისნის მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში მისივე თანაშემწე, თამთა თოდაძე ადანაშაულებს. თოდაძე ამბობს, რომ შემთხვევა 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მოხდა.
პროკურატურამ ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ წარუდგინა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, დეპუტატს ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა.
თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი ითხოვენ, რომ პროკურატურამ სასამართლოში ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს.