წინასასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა თხოვნით, თავდაპირველად განეხილა დაცვის მხარის ის შუამდგომლობა, რომელიც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გულისხმობდა.
„სწრაფად გადავიდეთ ჩემთვის მნიშვნელოვან შუამდგომლობაზე - სამაჯურს მხსნით თუ მიტოვებთ. რატომ არ შეიძლება გაითვალსწინოთ, რომ დეპუტატებს ეჩქარებათ, იმიტომ, რომ თქვენ კოლეგებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე აპირებენ მოსამართლეობას, კითხვა დაუსვან და სააშკარაოზე გამოიტანონ მათი ცოდნა და ნაკლოვანებები“, – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა დეპუტატმა.
მოსამართლემ უპასუხა, რომ შეეძლო სხდომა გადაედო და შუამდგომლობა სხვა დროს განეხილა, რაზეც მელია უთხრა, საკითხის გადასაწყვეტად „მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის“ დაერეკა.
„მოსამართლე: ეს არის სასამართლოს შეურაცხყოფა. მე არავის ვურეკავ და ვიღებ გადაწყვეტილებას.
მელია: თქვენ გირეკავენ.
მოსამართლე: არც მე მირეკავენ და არც მე ვურეკავ ვინმეს.
მელია: დაიფიცეთ.
მოსამართლე: გაგაძევებთ სხდომის დარბაზიდან. ეს ის ადგილი არ არის, სადაც ფიცს დებს მოსამართლე“.
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ჩაქუჩი რამდენჯერმე დაარტყა, მელიამ მას უთხრა: „ეგ ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, თადუმაძეს და ივანიშვილს“.
საბოლოოდ, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ნიკა მელია დარბაზიდან გააძევა. ამასთან, მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ძალაში დატოვა ნიკა მელიას მიერ ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულება.
ნიკა მელია 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული. 27 ივნისს თბილისის სასქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა და დამატებითი შეზღუდვები დაუწესა.