weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რაღაც პლაკატებით რომ მიდიან, ეს დაპირისპირებას გამოიწვევს - შიოლაშვილი

02:11 ორშაბათი, 25 ნოემბერი 2019
სამოქალაქო მოძრაობის ფოტო სამოქალაქო მოძრაობის ფოტო

„როდესაც ოპოზიციის ლიდერები მიდიან რაღაც პლაკატებით და აკეთებენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას,“ - განაცხადა სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა 24 ნოემბერს ბოდბისხევში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.  

„დღეს ოპოზიციის ნაწილი ჩასული იყო ბაზარში. მოგეხსენებათ, საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და მითუფრო რაიონებში, ერთმანეთის მეგობრები, ნათესავები, ბაზარში მყიდველიცაა, გამყიდველიც და როდესაც ოპოზიციის ლიდერები მიდიან რაღაც პლაკატებით და აკეთებენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, აქვე წინსწრებით უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას. მათ შორის, შეიძლება იყვნენ პოლიტიკურად როგორც ჩვენი მომხრეები, ასევე ჩვენ მიმართ ოპოზიციურად განწყობილები, ესაა ბუნებრივი პროცესი. ვნახე კადრები, სადაც იყო გარკვეული დაპირისპირება.

ჩემი თხოვნა იქნება და მოწოდება, როგორც პირადად მე, პარლამენტის ერთ-ერთ წევრი არ ვაკეთებ პერსონალურ შეურაცხმყოფელ განცხადებას არცერთი ჩემი ოპონენტის მიმართ, ასევე უნდა მოიქცეს ყველა ჩვენ მიმართ ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატი, პოლიტიკოსი თუ ადამიანი, რომელიც მომავალში აპირებს, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს. მინდა, რომ მომავალში პოლიტიკა იყოს სუფთა.

გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ და არ დავუჭირეთ მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რეგიონებში ჩასვლები ხომ აქედან არის გამოწვეული?! ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებაზე, რომ კანონპროექტს დავუჭირო მხარი, ან არ დავუჭირო, ვიღაც პირდაპირ თუ ირიბად ახდენს ზეწოლას. პროტესტის გამოხატვაც ღირსეულად შეიძლება. ასე რომ, ერთმანეთს პიროვნული შეურაცხყოფა არ მივაყენოთ“, - აღნიშნა შიოლაშვილმა.

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტები დახვდნენ და ხელი შეუშალეს აქციის ჩატარებაში, რომლის მიზანიც „ფეოდალი მაჟორიტარის“ ირაკლი შიოლაშვილის მხილება იყო. სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ილია ბაიდოშვილმა, მეტსახელად „ტაკრიმ“, მოძრაობის კახეთის ოფისის წარმომადგენელი ნინო გოგოლაშვილი სცემა. ფიზიკური შეურაცხყოფის, სამარტალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის მიუხედავად, პოლიციას „ოცნების“ არცერთი აქტივისტი არ დაუკავებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]