weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საპატრიარქო დავით გარეჯში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის წინააღმდეგია

17:17 ორშაბათი, 09 დეკემბერი 2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მხარს არ უჭერს ინიციატივას უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამ გეოგრაფიულ ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის შესახებ.

„გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ კვლავ გადაუჭრელად რჩება დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტერთა საკითხი.

ბუნებრივია, შექმნილი ვითარებიდან ყველას სურს გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთ მცდელობად უნდა განვიხილოთ ახლახანს საინიციატივო ჯგუფის მიერ გაჟღერებული იდეა, რომელიც აღნიშნული მონასტრების პრობლემის მოგვარების გზად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამ გეოგრაფიულ ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მიიჩნევს.

ამგვარი მოდელი შეიძლება დადებითად აღქმული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილობის საკითხთან მიმართებაში ისტორიულად, კულტურულად, იურიდიულად და კარტოგრაფიულად იქნებოდა ბუნდოვანება.

„უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრებთან დაკავშირებით კი არცერთ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიაში მსგავსი პრობლემა არ არის; ამ წინადადების შეთავაზებით კი, ფაქტიურად, ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს უგულვებელვყოფთ და აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს კუთვნილებას ეჭქვეშ ვაყენებთ. ამიტომაც, საქართევლოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს წამოყენებულ ინიციატივას.

ჩვენ კვლავაც მოთმინებით ველოდებით არსებული პრობლემის სამართლებრივ ჭრილში გადასვლას და 2019 წლის 15 ივლისამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას.

იმედი გვაქვს, ჩვენს ერებს შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლობის ტრადიცია თავის დადებით შედეგს გამოიღებს და მშვიდობას ალტერნატივა არ ექნება“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მიმდინარე წლის 20 აპრილს დავით გარეჯის მონასტერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეწვია. როგორც მაშინ პრეზიდენტმა განაცხადა, „სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს“.

სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადების შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით ჩაკეტეს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი და ტურისტებსა და სასულიერო პირებს არ უშვებდნენ. მაისის ბოლოს აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად მხარეს მძიმე ტექნიკა მუშაობდა. ივლისში ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, საზოგადოებას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა.

სექტემბრის ბოლოს დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ახალი სასაზღრო პოსტი გახსნა.

8 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა და სთხოვა, ვიდრე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დასრულდება, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სტატუს-კვო აღდგეს და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონახულებაზე.

9 ოქტომბერს გახარია ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის 10 ოქტომბრიდან გაიხსნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]