სააგენტო „აპა“-ს ინფორმაციით, სასაზღვრო კომპლექსის გახნის დროს აღინიშნა, რომ ისტორიული და კულტურული ნაკრძალის - „კეშიქჩიდაღის“ ტერიტორიაზე აღნიშნული პუნქტის განთავსების მიზანი საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვაც იქნება. აზერბაიჯანული მხარე დავით-გარეჯის ტერიტორიას კეშიქჩიდაღს უწოდებს.
სასაზღვრო კომპლექს „შამქირის“ გახსნაზე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი ელჩინ გულიევი და აღსთაფის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ნიზამედინ გულიევი იმყოფებოდნენ.
დავით გარეჯის ტერიტორიაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი შეთანხმებული და დადგენილი არ არის. 2019 წლის მაისიდან ამ საკითხზე მუშაობა განაახლა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ. კომისიის მუშაობის კონკრეტული შედეგების თაობაზე ქართულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მიმდინარე წლის 20 აპრილს დავით გარეჯის მონასტერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეწვია. როგორც მაშინ პრეზიდენტმა განაცხადა, „სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს“.
სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადების შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით ჩაკეტეს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი და ტურისტებსა და სასულიერო პირებს არ უშვებდნენ. მაისის ბოლოს აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად მხარეს მძიმე ტექნიკა მუშაობდა. ივლისში ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, საზოგადოებას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა.