weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ცხინვალში ქართველი პატიმრები ყოფილი ხელისუფლების დროსაც იყვნენ - მინისტრი

20:21 ორშაბათი, 09 დეკემბერი 2019

„ამ საკითხით პოლიტიკური სპეკულაციები და ქულების დაწერის მცდელობა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან მიუღებელია. უბრალოდ აბსურდულია საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის საქართველოს ხელისუფლებაზე გადმოტანის მცდელობა. მითუფრო, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სოხუმის და ცხინვალის ციხეებში არაერთი გრძელვადიანი ქართველი იყო უკანონო პატიმრობაში. ჰუმანიტარული პროცესის შედეგად, პროცესი 2017 წელს დასრულდა იმავე ცხინვალის იზოლატორიდან ბოლო გრძელვადიანი პატიმრის გათავისუფლებით“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით, ყველა შესაძლო არხი ჩართულია ოსურ და რუსულ მხარეებთან კერძო პირებით დაწყებული, რუსეთის ფედერაციასთან ყველა ოფიციალურ დონეზე  კომუნიკაციით დასრულებული.

„ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რჟიმის მხრიდან უკანონო პატიმრობაში რჩება და რა თქმა უნდა, ოჯახი რთულ მდგომარეობაშია. თითოეული ჩვენგანისთვის ეს ძალიან მძიმე და მტკივნეული საკითხია. ოჯახის დაძაბულობა გასაგებია. არა მარტო გვესმის, არამედ მათთან ვართ ამ განსაცდელში, მათ შორის რეგულარული კომუნიკაციით ჩემი აპარატისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

რა თქმა უნდა, იმ ინფორმაციას, რასაც იღებდა და იღებს ქართული მხარე და ასევე ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა არხებით, ვუზიარებთ ოჯახს და გარკვეულწილად, საზოგადოებას, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. აქ ორი რამ არის გასათვალისწინებელი: პირველი - ინფორმაციის გაზიარებას ვერ დავარქმევთ პირობას და მით უფრო გარანტიას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან, მის მოქმედებებთან და საუბედუროდ მის გადაწყვეტილებებთან.

ამ პერიოდში, დიახ, იყო მკაფიო მინიშნებები და ინფორმაცია სწორედ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ვაჟა ექიმის მალე გათავისუფლების თაობაზე, რასაც ასევე საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმი დღემდე არ ასრულებს. ეს არის მათი სახე და მათი პასუხისმგებლობა, რაც ამ მოქმედების მიზანმიმართულებაზე მიანიშნებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა ის არის, რომ არსებულ ვითარებაში ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას, რათა ფაქტობრივად მძევლის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გათავსუფლება მოხერხდეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ყველა პოლიტიკური დედაქალაქის დღის წესრიგშია და ამოცანა მისი გათავისუფლებაა. ამასთან, ჩვენი თითოეული მოქმედება, პირველ რიგში, მოტივირებულია ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესებიდან და მისი გათავისუფლების ამოცანიდან გამომდინარე და არა პიარის,  ჩვენი მოქმედებების ტირაჟირების, ან თუნდაც ყველა ნაბიჯის წარმოჩენიდან. ასეთია მოცემულობა. გავაგრძელებთ ძალისხმევას, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათ შორის ჟენევის ფორმატში მიმდინარე კვირას, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იქნას მიღწეული და ის ოჯახს დაუბრუნდეს“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით,

ქართველი ექიმი თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის, რომელიც ჭაში ჩავარდა, მოტეხილობები ჰქონდა და მკურნალობას ვერ ახერხებდა.

2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაშია იყო. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი პირის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.

15 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილმა არ აღიარა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წაყენებული ბრალი. საოკუპაციო რეჟიმი მისგან საზღვრის დარღვევის აღიარებას ითხოვს, რასაც პატიმრობაში მყოფი ექიმი ეწინააღმდეგება. ის ამბობს, რომ საქართველოს საზღვარი როკის გვირაბთანაა და მას არაფერი დაურღვევია.

2 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა ესაჭიროებათ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება ე.წ. „რაზდახანის“ საგუშაგოს გავლით მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]