weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ხულოს მერიის თანამშრომლებმა ფაქტის გახმაურების შემდეგ პრემიები უკან დააბრუნეს

11:31 სამშაბათი, 07 აპრილი 2020

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მარტის ბოლოს მერიის 16 თანამშრომელს ხელფასის 50%-ის ოდენობით დანამატი მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია TV 25-მა გაავრცელა, რომელიც აჭარაში მაუწყებლობს. თანამშრომლებმა ფაქტის გახმაურების შემდეგ მიღებული თანხა უკან დააბრუნეს.

„16 თანამშრომელზე ჩაირიცხა. ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ეს დანამატი საჭირო იყო ამ თანამშრომლებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირები გამოირჩეოდნენ სამსახურებრივი მაღალი კვალიფიკაციით. ასევე, მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდნენ. ღამითაც უწევდათ მუშაობა. ასევე, ზოგიერთი თანამშრომელი, სხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მოვალეობასაც ასრულებდა. თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს იქნებოდა მათგან კეთილი ჟესტი და თანხა უკან დააბრუნეს“, - უთხრა ხულოს მერიის წარმომადგენელმა ნური გიორგაძემ აჭარის ტელევიზიას.

მუნიციპალიტეტის მერის ჟურნალისტებს დაემალა და მთელი დღის განმავლობაში კომენტარი არ გაუკეთებია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ამ მძიმე მდგომარეობაში, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, დაუშვებელია ნებისმიერი პრემიისა და წახალისების გაცემა.

„მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ინფექციას ებრძვის, ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, აბსოლუტურად ვერ გავიზიარებთ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან მიმართებით.

მისასალმებელია, თუ ვინმემ შეიგნო და მოახდინა აღნიშნული თანხების ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება. ამავე დროს, თუ ვინმეს გააზრებასთან მიმართებით გარკვეული პრობლემა აქვს, ვპირდები, აუცილებლად გაიაზრებენ და შეიგნებენ, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში დაუშვებელია ნებისმიერი პრემიისა და წახალისების შემთხვევები.

იმის მიუხედავად, ვინ იქნება ეს, არჩევითი თუ დანიშვნითი თანამდებობის პირი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ტვ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის 24 მარტის ბრძანებით, პრემია მერიის 18 თანამშრომელზე გაიცა. ამ ამბავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა. „ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. მე მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ და არა პრემიები აიღონ. გავერკვევი ამ საკითხში და თუ ეს დადასტურდა, შესაბამის ზომებს მივიღებ“, - აღნიშნა გახარიამ.

მოგვიანებით ოზურგეთის მერიაში განმარტეს, რომ პრემია მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებზე და მერის პირველ მოადგილეზე გაიცა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის შტაბს ხელმძღვანელობს.

საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

7 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 39 პაციენტი, გარდაიცვალა 2 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 4708 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]