weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვერავინ წამართმევს უფლებას, რომ ონში ვიყო - ემზარ საბანაძე

20:46 ოთხშაბათი, 08 აპრილი 2020

„რაჭაში, ონში ბავშვობიდან ვარ გაზრდილი და ყოველთვის ჩემი დამოკიდებულება მქონდა. ვერასდროს და ვერავინ წამართმევს უფლებას რომ ონში ვიყო. არ შევეგუები, რომ არ მივხედო და არ გავაკეთო ის, რაც სჭირდება. იმის გარდა, რომ ონში რაღაც გაკეთდეს და რაჭა წარმატებული იყოს, სხვა ინტერესი არ მაქვს. ეს არც მიმიტოვებია და არც არასდროს მივატოვებ. არავის არც იმის უფლებას მივცემ, რომ ვინმემ ცოტა სხვანაირად იფიქროს რაჭაზე“, - უთხრა „რეგინფოს“ ემზარ საბანაძემ, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობიდან ორი დღი წინ გადადგა.

„რეგინფომ“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ემზარ საბანაძეს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახაბერ საბანაძის მამაა, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე და გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე დაუპირისპირდნენ.

არსებული ინფორმაციით, ენუქიძე-ჯაფარიძემ ემზარ საბანაძის იძულება - უფლებამოსილება ვადამდე შეეწყვიტა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დახმარებით მოახერხეს.

ემზარ საბანაძეს ვკითხეთ, გადადგა თუ არა ენუქიძე-ჯაფარიძესთან დაპირისპირების გამო. ამ საკითხზე მან კომენტარი არ გააკეთა.

- ბატონო ემზარ, პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე ხომ თქვენი მიყვანილი კადრი იყო ონის მერიაში?

- კი, ჩემი მიყვანილი იყო, ერთ-ერთი ძალიან კარგი სპეციალისტი და საქმის მცოდნე.

- მან რატომ დაწერა განცხადება იმავე დღეს, ვიდრე თქვენ მოიხსნიდით მერის უფლებამოსილებას? აღარ სურდა მუშაობის გაგრძელება თუ არასანდო პირი იქნებოდა მათთვის, ვინც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში?

- თქვენ როგორ ფიქრობთ? გამოცდილება არ გაკლიათ ამ საკითხებში.

ონის მერის თანამდებობაზე ემზარ საბანაძის დაბრუნების მოთხოვნით პეტიაცია გამოქვეყნდა manifest.ge-ზე, რომელსაც ერთ დღეში ხელი 1500-მა ადამიანმა მოაწერა. ხელმომწერთა უმრავლესობა რაჭიდანაა.

ემზარ საბანაძის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა „ქართული ოცნებიდან“ ონის საკრებულოს წევრმა ანა ბაქრაძემ. „მოგმართავთ ონელებს და არამხოლოდ ადგილობრივებს, მათ ვისაც უყვარს რაჭა და ონი. მათ ვინც ხედავს ჩვენს წისვლას, წარმატებულ პროექტებს, გამოცოცხლების პერსპექტივას. ამდენი რამ ონში არასდროს გაკეთებულა. ხალხს იმედი ჩაგვესახა, ვიგრძენით რომ ჩვენზე ზრუნავენ. ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის, ბატონ ემზარ საბანაძეს, რომელმაც პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. მოსახლეობის დიდი მოთხოვნით და სურვილით, შეიქმნა პეტიცია მოთხოვნით: დაბრუნდეს ემზარ საბანაძე ონის მერად! ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასეთი ადამიანის სათავეში ყოფნა. გთხოვთ ყველას, ვისთვისაც ონი ძვირფასია, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და მოვითხოვოთ დაგვიბრუნდეს ძალიან კარგი მერი“.

ონის საკრებულოს სხდომა დღეს გაიმართა, სადაც მერის მიერ უფლებამოსილების ვადამდე მოხსნის შესახებ განცხადება ცნობად მიიღეს. საკრებულოს უმრავლესობის წევრებისთვის გვინდოდა გვეკითხა, დაინტერესდნენ თუ არა, რატომ დატოვა ონის მერმა თანამდებობა? საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძემ და მისმა მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილმა სატელეფონო ზარებს ისევ არ უპასუხეს. საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვის დასმისთანავე შეწყვიტეს საუბარი სერგო ლობჯანიძემ და გიორგი მარკოიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ონის საკრებულოს წევრის ნოდარ ბურდილაძის თქმით, სხდომა 3 საათზე ჩატარდა, თუმცა დასწრება ვერ მოახერხა, რადგან სხდომის გამართვის შესახებ 15 წუთით ადრე აცნობეს.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, სხდომამდე საკრებულოს უმრავლესობის წევრებს პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეხვდნენ და ანა ბაქრაძეს ემზარ საბანაძის ღია მხარდაჭერის გამო უსაყვედურეს. ბაქრაძე პარტიის წარმომადგენლებისგან საყვედურის ფაქტს უარყოფს. ამ საკითხზე „რეგინფოსთან“ სატელეფონო საუბრის შემდეგ, მან ონის ყოფილი მერის მხარდამჭერი პოსტი ფეისბუკიდან წაშალა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ონის მერის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვასო მეტრეველის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბაჩა მარკოიშვილის კანდიდატურები განიხილება.

ბოლო ერთ თვეში უფლებამოსილება ასევე ვადაზე ადრე შეიწყვიტეს კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა, თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]