weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული - პრემიერი გიორგი გაბუნიას საქმეზე

07:07 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020

„ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „მთავარი არხის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას შესაძლო განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეს. ამ თემაზე გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, გამოძიების დასრულებას დაელოდოს.

„მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში სამართალდამცავი სისტემის უპირველესი მოვალეობაა ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფ დროში გამოძიებული და შესაბამისად, ინფორმაცია ღიად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. 

ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის აღკვეთას და ასეთ შემთხვევებს კი არა, ბევრ უფრო მარტივ შემთხვევას მოჰყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი. გასაგებია, რომ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური პროცესის ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო კორპორატიული ინტერესებიდან. სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ასე ხდება. თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ და ა.შ. შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი, რა მოხდა და რა აღკვეთა ჩვენმა სამართალდამცველმა სისტემამ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახლა უნდა დავმშვიდდეთ და სამართალდამცავ სისტემას მივცეთ შესაძლებლობა, გამოიძიოს უსწრაფეს დროში და სრულყოფილი ინფორმაცია მოგცეს. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ სხვადასხვა შეფასება. 

სხვა ყველაფერს, რაც ფართოდ ისმის, პოლიტიკური იერსახე დასდევს, მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და გამოძიება ბოლომდე დასრულებული არაა. უნდა გვეყოს მოთმინება დაველოდოთ და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 15 ივნისს განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც ერთი წლის წინ, „რუსთავი 2“-ზე მუშაობის პერიოდში, გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინება გახდა.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და დაადასტურა, რომ ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა. სუს-ის ცნობით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასამბეკ ბოკოვს აღკვეთს ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატმა მთავარ არხთან განაცხადა, რომ ვასამბეკ ბოკოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, შეძენას, შენახვას გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებას ან გამოყენებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]