დოლიძემ საბჭოს დატოვების მიზეზებზე ბრიფინგზე ისაუბრა.
„21 მაისს დავაარსე მოძრაობა „ხალხისთვის“, რომლის უპირველესი ამოცანაა საჯარო დღის წესრიგში შევიტანოთ ხალხის პრობლემები. რამდენიმე დღის წინ, ხელი მოვაწერე დოკუმენტს - მემორანდუმს ახალი პლატფორმის შესახებ, რომლის მიზანია ჩამოართვას საჯარო დღის წესრიგზე მონოპოლია ორ უმთავრეს ძალას, რომელიც საკუთარ ორმეფობას სწირავს ამ ქვეყნის განვითარების ინტერესს. ამ პლატფორმის ხელმოწერის პროცესებთან დაკავშირებით, ჩემს მიმართ გამძაფრდა ორკესტრირებული ბინძური კამპანია, რომლის მიზანია ყველა შესაძლებლობით და ფასად არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ცენტრების შექმნა, რომელსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლზაცია. ამ ბინძურ პიარ-კამპანიას არ წარმოუდგენია არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი საკუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად. ამ ბინძური პიარ-კამპანიის მიზანია, გააუფასუროს ბრძოლა, რომელიც 2 წლის განმავლობაში მქონდა ამ შენობაში, შექმნას სეირი იუსტიციის საბჭოში, რომელსაც პოპ-კორნით სიამოვნებით უყურებს კლანი და სიამოვნებით უყურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
ამ პირობებში, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარ-გამოხტომები, არამედ რეალური დემურუსიზაცია, რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, მთელ თავის რესურსს მოძრაობის „ხალხისთვის“ განვითარებას მოახმარს.
„მე ვიპოვი მთავარ თანამოაზრეს და ეს იქნება ქართველი ხალხი. სწორედ ქართველ ხალხთან ერთად შევქმნი ახალ თავისუფალ სასამართლოს, სადაც არ იქნებიან მურუსიძე-ჩინჩალაძე და დავალაგებ იმ ავგიას თავლას, რომლადაც გადაიქცა სასამართლო ხელისუფლება და იუსტიციის საბჭო“, – აღნიშნა დოლიძემ.
სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დაფუძნების შემდეგ, ანა დოლიძეს შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა, რადგან მათი შეფასებით, საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან შეუთავსებელია. იგივე პოზიცია ჰქონდა საბჭოს მეორე არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ანა დოლიძეს გადადგომის შემთხვევაშიც კი, კანონი უკვე დარღვეული აქვს.
ანა დოლიძის საკითხ საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ პირს, რომელსაც უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, უნდა ესმოდეს სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის. ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ანა დოლიძე დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად 2018 წლის იანვარში დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიიღო.