weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხმაც ამოვიღეთ და ამ საქმის გახსნაშიც ჩართულები ვართ – გახარია ხანგოშვილის საქმეზე

01:24 შაბათი, 27 ივნისი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გახსნაში საქართველოს სამართალდამცავი სისტემა გერმანულ მხარესთან მჭიდროდ თანამშრომლობს. გახარიას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გამოძიების საბოლოო შედეგების გათვალისწინებით მიიღებენ.

„ჩვენი სამართალდამცავი სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანელებთან ამ საქმის გახსნაში. როგორც მოგეხსენებათ, აბსოლუტურად მკაფიო განცხადება იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ეს განცხადება აბსოლუტურად ობიექტურია. დაველოდებით გამოძიების საბოლოო შედეგებს და აქედან გამომდინარე მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას რეპლიკაზე, რომ გამოძიების საბოლოო შედეგები უკვე გამოქვეყნდა, გახარიამ უპასუხა, რომ არაფერი გამოქვეყნებულა.

„წადით, რამე წაიკითხეთ, რა გამოქვეყნდა. ზღაპრებს ყვებით. ერთი რამ გაითვალისწინეთ - ხმაც ამოვიღეთ, ამ საქმის გახსნაში პირდაპირაც ჩართულები ვართ და ეს საქმე რომ გაიხსნება, თქვენი სპეკულაციების გარეშე საბოლოო შედეგები რომ დადგება, გერმანელები რა განცხადებას გააკეთებენ და ჩვენ რა განცხადებას გავაკეთებთ - მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ნუ გარბიხართ ამაზე წინ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა უპასუხა: „მერკელი თუ აკეთებს ხანგოშვილის მკვლელობაზე განცხადებას, თქვენ რომ გააკეთოთ სირცხვილია? სანქციებს უწესებს გერმანია რუსეთს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო“.

„ხანგოშვილთან მიმართებაში სამართლებრივად შემდეგი
მდგომარეობაა: როდესაც გერმანიის სასამართლო მიიღებს გადაწვეტილებას, ამის შემდგომ იქნება საქართველოს მთავრობის, ისევე როგორც გერმანიის შესაბამისი გადაწყვეტილებები. დაელოდეთ“
, – მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციას. 

18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ხანგოშვილი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოკლეს. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მკვლელობის საფუძველს ხანგოშვილის ოპოზიციური დამოკიდებულება წარმოადგენდა როგორც რუსეთის ფედერაციის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მიმართ. მოგვიანებით საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა განმარტა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს მთავრობის პრორუსულად მოხსენიება ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არა გერმანიის პროკურატურის პოზიცია.

გერმანიის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს. ანგელა მერკელის თქმით, გერმანია ამის უფლებას იტოვებს და ახლა საჭიროა, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ. 

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსი ეროვნების ვადიმ კ. იმავე დღეს დააკავეს.

რუსეთის ხელისუფლება მკვლელობასთან კავშირს უარყოფს და ხანგოშვილს ტერორისტად მიიჩნევს.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების ლიდერი. არსებული ინფორმაციით, 2008 წელს, საქართველოს მთავრობის დავალებით, ხანგოშვილმა შეკრიბა მოხალისეთა რაზმი ცხინვალის რეგიონის დასაცავად, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამომდინარე რაზმი არ გამოუყენებიათ რუსეთ-საქართველოს ომში. მან საქართველო მკვლელობამდე ორი წლით ადრე დატოვა და გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]