დღეს მიღებული ცვლილებების შედეგად 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატი პროპორციულად, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა.
ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით მადლობა გადაუხადა იმ პარლამენტარებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე, ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ეს დღე არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. ეს დღე არის იმ მუდმივი და თანმიმდევრული დემოკრატიული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო. დღევანდელი დღე გამარჯვებაა ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული.
დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული. ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა,
რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა.
საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ სადაც მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“, იმარჯვებს ქართული დემოკრატია. შესაბამისად, მათი ეს მარცხიც ქართული დემოკარტიის განვითარების კანონზმიერების ნაწილია. სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციას არც ამჯერად შეეხო იმ პოლიტიკური ძალის ხელი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფით იყო გამორჩეული“, – განაცხადა კობახიძემ.
დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა იმ საფუძვლით, რომ მმართველმა პარტიამ ბოლომდე არ შეასრულა 8 მარტს მიღწეული შეთანხმება და წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა. ამ საკითხზე დასული კითხვის პასუხად კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი რურუას 8 მარტის შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს.
„დღეს აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება.
რაც შეეხება რურუას საქმეს, ეს არის ერთ-ერთი მორიგი კრიმინალური საქმე, რასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც სხვა საქმეებთან დაკავშირებით საქართველოში გადაწყვეტილებას იღებს მართლმსაჯულება, სასამართლო.
შესაბამისად, როგორც წყდება სხვა კრიმინალური საქმეები, ისე გადაწყდება ეს საქმეც“, – განაცხადა კობახიძემ.
საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნა 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააყენეს. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, სადაც აქციის მონაწილეები დაარბიეს, „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩაატარებდა, თუმცა რამდენიმე თვეში ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. შეთანხმება, რომელიც პროპორციულთან მიახლოვებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა. ეს შეთანხმება პოლიტიკური პატიმრების გთავისუფლებასაც ითვალისწინებდა.