weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნაციონალურმა მოძრაობამ და NGO-ებმა ცივი შხაპი მიიღეს ელჩზე თავდასხმის შემდეგ - კილაძე

01:05 სამშაბათი, 30 ივნისი 2020

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ „ერთიანმა ნაცონალურმა მოძრაობამ“ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ძალიან ცივი შხაპი მიიღეს“ საქართველოში გერმანიის ელჩზე, ჰუბერტ ქნირშზე „ორკესტრირებული თავდასხმის“ შემდეგ.

კილაძემ ეს განცხადება, ელჩთან გადაღებულ ფოტოსთან ერთად, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, მის დანაყოფებთან და ენჯეოებთან ერთად, საბოლოოდ მოიჭრა თავი ევროპასა და ამერიკაში, როცა გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ ქნირშს ორკესტრირებულად დაესხა თავს ცრუ ბრალდებებით. 

ის რაც, სამწუხაროდ, გასდით ქართულ საზოგადოებასთან, არ გაუვიდათ გერმანიასთან. ვფიქრობ, ოპონენტმა პარტიებმა და ენჯეოებმა ერთობლივად მიიღეს უბრალოდ ცივი კი არა - ძალიან ცივი შხაპი აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოსგან ერთობლივად“, – წერს კილაძე.

კილაძის ამ განცხადებამდე გერმანიის ელჩმა გაკვირვება გამოხატა ბოლო დღეებში მისი მისამართით გაკეთებული კომენტარების გამო. ამასთან, განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ და ქნირშის მიმართ „შეტევები“ დაგმო. 

„ვგმობთ შეტევებს გარკვეული პოლიტიკური აქტორების და მედიასაშუალებების მხრიდან ჩვენი კოლეგის, ჰებერტ ქნირშის მიმართ. ყველა იმ მოთამაშემ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისაგან და დაიცვან ყველა იმ ადამიანის ღირსება, რომლებიც აქტიურნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

26 ივნისს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, ჰუბერტ ქნირშმა თქვა, რომ „მთავარი არხის“ მეწლის, გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის, ხელისუფელბასა და ოპოზიცას შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი არ არის და გაკვირვებულია, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა. ამის საპასუხოდ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რომელიც რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის გათავისუფლებას ითხოვს, განაცხადა, რომ ელჩს თანაუგრძნობს.

„არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს… ჩვენს პარტიას ბოდიში მოუხადა, შეცდომაში შეგვიყვანეს 20 ივნისზეო. ზოგჯერ დიპლომატებს გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე, შარში ეხვევიან და თანავუგრძნობ მას, რომ შარში გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. ახლა რაღაცნაირად ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს“, – განაცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებთან.

გერმანიის ელჩის გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ ჰუბერტ ქრინში „ივანიშვილის რეჟიმისაგან ფინანსდება“. ნათელაშვილმა გერმანიის მთავრობას ელჩის გაწვევის მოთხოვნითაც მიმართა.

მოგვიანებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ამ განცხადებების გამო, „ქართულმა ოცნებამ“ ელჩს ბოდიში მოუხადა. 

გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის დასაცავად ელჩის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ. როგორც ქნირშმა თქვა, შეშფოთებულია იმ ბრალდებებით, რომლებიც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძის წარდგენის მოწინააღმდეგე 52-მა ორგანიზაციამ გააჟღერა.

„სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, პირადი ხასიათის შეტევებს ადგილი აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის დროს - განსაკუთრებით საქართველოში, სადაც სამწუხაროდ პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ, რომ ისინი მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ სხვადასხვა საკითხებსა და პროცესებთან დაკავშირებით ასეთ დონეზე დაშვების ნაცვლად“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ჰუბერტ ქნირშის ამ განცხადებას 45 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. მათი თქმით, გაკვირვებას იწვევს ელჩის შეფასება, „როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს“. არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, მათი განცხადება არა სოფიო კილაძეზე პერსონალური თავდასხმა, არამედ გაეროს კომიტეტში კილაძის კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილების შეფასებაა, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ნაწილი და ამავდროულად, მოვალეობაცაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]