weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტარ კობა კობალაძის შვილს ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინეს

14:20 ორშაბათი, 13 ივლისი 2020

„ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტარ კობა კობალაძის შვილს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი-პრიმა ნაწილით გათავლისწინებული დანაშაულისთვის - ჯგუფური ძალადობისთვის წარუდგინა. საქმე ეხება თბილისში 24 ივნისს მომხდარ დანაშაულს, რა დროსაც 23 წლის მამაკაცი დაჭრეს.

ადვოკატის განცხადებით, დავით კობალაძე დაკავებული არ არის, რადგან ის ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში და მისი მიმალვის საფუძველი არ არსებობს.

„საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია, რაზეა საუბარი. არცერთი მშობლისთვის არ არის სასიამოვნო, მით უმეტეს თუ მშობელი მაღალი პასუხისმგებლობის სეგმენტშია.

საკმაოდ მტკივნეულია ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები ასე გამწარებით და ასე თავაღებით იმეტებენ ერთმანეთს.

ალბათ, გაცილებით უფრო მეტი ფოკუსირებაა საჭირო ჩვენი და საზოგადოების ამ პრობლემატიკაზე. ჩემი აზრით, ნებისმიერ დანაშაულზე ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს, უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა კობა კობალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 ივნისს მომდარი დანაშაულის მონაწილეები მას შემდეგ დააკავა, რაც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ამ თემაზე მომზადებული სიუჟეტის ანონსი გავიდა. „პირველის“ ინფორმაციით, კობა კობალაძის შვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა ახალგაზრდა კაცს ქუჩაში სცემეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში აღმოჩნდა.

შსს-ს განმარტებით, ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მათი დაკავება გადაწყვიტეს. სამართალდამცველებმა 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამავე საქმესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 238-პრიმა მუხლით (ცივი იარაღის ტარება) დაკავებულია 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. შსს-ს ცნობით, დავით კობალაძე პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა.

კობალაძისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]