weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა აღუდგინეს

19:28 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს, ხვალიდან მუშაობის გაგრძელებას შეძლებს. სამინისტრომ შენგელიას სანოტარო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო პროგრამაზე წვდომა აღუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამინისტროს 15 დღის წინ დაავალა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა.

„ცხადია არ გვაქვს ილუზია, რომ ამით საბოლოოდ რამე დასრულდა. ასე თვითნებურად პროგრამის გამორთვას, სრულიად უკანონოდ საქმიანობის შეჩერებას, მერე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები“, – აცხადებს ბაჩანა შენგელია იუსტიციის სამინისტროს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში დავას გააგრძელებს.

„რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, არ დავუშვებ არც ცენზურის დაკანონებას, არც ვინმეს ახირებაზე და აშკარა უკანონობაზე გაჩუმებას“, – ამბობს შენგელია.

ბაჩანა შენგელიას 19 ივნისიდან აღარ ჰქონდა წვდომა პროგრამაზე, რომელითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა. იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური წარმოება 22 ივნისს დაიწყო იმ საფუძვლით, რომ ბაჩანა შენგელია 18 ივნისს სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და სანოტარო საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა. შენგელიას განმარტებით, სამსახურში ჯანმრთელობის პრობლემის გამო არ იყო, შემცვლელის დანიშვნის უფლება კი ნოტარიუსს კანონით აქვს მინიჭებული. მან სამინისტრო პოლიტიკური ნიშნით დევნაში დაადანაშაულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 30 ივნისს დააკმაყოფილა ბაჩანა შენგელიას განცხადება და დროებითი განჩინებით იუსტიციის სამინისტროს დაავალა განმცხადებლისთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა.

იუსტიციის სამინისტრომ შენგელიას მიმართ დისციპლინური წარმობა 24 ივნისსაც დაიწყო. ამჯერად წარმოების დაწყებას საფუძველად დაედო ნოტარიუსის მიერ Facebook-ის პირად გვერდზე გამოხატული მოსაზრებები, რაც გენერალური ინსპექციის შეფასებით, წარმოადგენდა „მიკერძოებული პოლიტიკის საჯაროდ გამომჟღავნებას“ და „პოლიტიკურ შეფასებებს“. ბაჩანა შენგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი იუსტიციის მინისტრის N69 ბრძანება, რომელიც, 2020 წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ნოტარიუსს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას ავალდებულებს.

 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]