weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გახელაძეს მხარდაჭერა კი არა, იურიდიული დახმარება სჭირდება - ცხინვალი

13:09 შაბათი, 18 ივლისი 2020
ფოტო ზაზა გახელაძის Facebook გვერდიდან ფოტო ზაზა გახელაძის Facebook გვერდიდან

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) განცხადებით, ზაზა გახელაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო კვეთისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმის მუხლებით აღიძრა. ცხინვალის რეჟიმის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, გახელაძე კი კარანტინშია გადაყვანილი.

„აუცილებელია საქართველოს მთავრობამ და მისმა დასავლელმა კურატორებმა გაიგონ, რომ ზაზა გახელაძეს დღეს სჭირდება არა მათი მხარდაჭერა, არამედი იურისტების კვალიფიციური დახმარება, რადგან მის მიერ ჩადენილი ქმედება სამხრეთ ოსეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობით დანაშაულად განიხილება“, - ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

იქვე ვკითხულობთ, რომ თბილისი გახელაძის დაკავების ფაქტს ე.წ. საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის ესკალაციისთვის იყენებს, გარდა ამისა, შექმნილი ვითარების გარშემო მაქსიმალური აჟიოტაჟის მიღწევის მიზნით, ფარისევლურად იყენებს გახელაძის ოჯახის წევრებს, მათი კომენტარების გამოქვეყნებით.

„გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით, თბილისის და მისი დასავლელი ხელმძღვანელების მიერ გაკეთებული ხისტი განცხადებები რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ვითომ აგრესიული ქმედებებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ, უკიდურესად აბსურდულია.

ცალკე ყურადღების ღირსია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოზიცია, რომელმაც განაცხადა, რომ „აქტიურად დააკვირდება“ ინციდენტს. ნაცვლად იმისა, რომ გადაიდგას რაიმე ნაბიჯები საქართველოს კონტრპროდუქტიული პოზიციის შესაცვლელად და დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მისიამ გადაწყვიტა „აქტიურად დააკვირდეს“, ამასთან აკეთებს არაობიექტურ, თუმცა საქართველოსთვის მომგებიან განცხადებებს“, - აცხადებს ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი.

33 წლის ზაზა გახელაძე კი 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გადმოცემა მოითხოვა და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს. საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს აშშ-ის საელჩომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ზაზა გახელაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშიც მოიხსენიეს. რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა და ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, საზღვრიდან 300 მეტრის დაშორებით რუს მესაზღვრეებს შეეჩეხა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მან მიმალვა სცადა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების მისამართით ათამდე გასროლა განახორციელა, საპასუხო ცეცხლის შედეგად კი ფეხში მსუბუქად დაიჭრა. რუსული მხარის ინფორმაციით, დაჭრილს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გახელაძემ თავის ჩვენებებში „აღირა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის შეგნებულად და მიზანმიმართულად გადაკვეთის ფაქტი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]