weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნება“ უარყოფს რომ აბაზოვს საარჩევნო სიაში ჩასმა შესთავაზეს

15:47 ხუთშაბათი, 23 ივლისი 2020

„ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურში უარყოფენ ინფორმაციას, რომ პარტიამ მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში ჩასმა შესთავაზა. მათი განმარტებით, აბაზოვის სიაში შეყვანა „არ განიხილებოდა და არც განიხილება“.

იგივე განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა. მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არავის დაუყენებია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს მიაჩნია, რომ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის ჩასმა „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი არ იქნება. როგორც ის ამბობს, თუ გუნდში ამის თაობაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაში ცინიკური და ცუდი არაფერია.

თემურ აბაზოვი გუშინ და დღეს არაერთ მედიასაშუალებასთან აცხადებდა, რომ „ქართული ოცნებისგან“ პროპორციულ საარჩევნო სიაში ჩასმის შეთავაზება მიიღო, რაზეც უარი არ უთქვამს. ამასთან, სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ აბაზოვმა თქვა, რომ ეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა შესთავაზეს. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ონცებამ“ ინფორმაცია უარყო, თემურ აბაზოვი სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის სახელი 2018 წლის 10 ივნისს მარნეულში მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, რის გამოც აბაზოვი დააკავეს და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს. პროკურატურა აცხადებდა, რომ აბაზოვმა მოქალაქეს, რომელმაც მის ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სცემა, სახეში შეაფურთხა და „შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი ღირსების შელახვის მუქარით, აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე“. გამოძიების მიმდინარეობის დროს აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა. მან წინასწარ პატიმრობაში ექვსი თვე გაატარა. ბოლოს, 2020 წლის თებერვალში, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, პროკურატურამ მას სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება) მოუხსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]