weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

10:49 სამშაბათი, 28 ივლისი 2020

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, თემურ ღვინჯილიას და აპარატის თანამშრომელს, მათე ღვინჯილიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს.

„გამოკითხვისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ სიგარეტები საჩუქარი იყო და მოსახლეობისთვის დასარიგებლად სჭირდებოდა“, - თქვა საქმის პროკურორმა, მირანდა წერეთელმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

პროკურორის თქმით, ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში არსებობდა მათი მიმალვის, მათ მიერ მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს იმ კუთხითაც, რომ დადგინდეს როგორც მომწოდებლები, ასევე ის პირები, ვისთანაც უნდა მოეხდინათ რეალიზაცია“, - აღნიშნა პროკურორმა ჟურნალისტებთან.

დაცვის მხარემ გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვა და მოსამართლეს 100-100 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონების შეტანა შესთავაზა. მოსამართლე ნატრული აკობიამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს სხდომას მხოლოდ ერთი ბრალდებული - მათე ღვინჯილია ესწრებოდა. თემურ ღვინჯილია ბრალს არ აღიარებს. როგორც ადვოკატმა განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარემ არ იცოდა, რომ ავტომობილში კონტრაბანდული სიგარეტი იყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თემურ ღვინჯილია და მათე ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილებისას 26 ივლისს დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ავტომობილის ჩხრეკის შედეგად 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარუდგინეს, რაც გულისხმობს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვას, ჩადენილს ჯგუფურად. დანაშაული სასჯელის სახით ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემურ ღვინჯილია „ქართული ოცნების“ წევრია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]