weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას არ შეიწყალებს

22:39 პარასკევი, 31 ივლისი 2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას, რომელსაც სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა, არ შეიწყალებს და მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერავინ მოახდენს.

პრეზიდენტის თქმით, სამი თვის წინ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი იმიტომ შეიწყალა, რომ ჩათვალა, ეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გზას გაუხსნიდა.

„სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძნელად გასაგები, ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი, ეს ადამიანები იყვნენ არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები, შევიწყალე როგორც ჩვევა არის, დამნაშავეები. არც მაშინ და არც ახლა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

თუმცა, ეს ურთულესი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან, სტაბილურობიდან გამომდინარე მივიღე. ჩავთვალე, მე პირადად, რომ ეს ნაბიჯი საკონსტიტუციო ცვლილებებს გზას გაუხსნიდა, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, ანუ, იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ, არც ქვეყნის წარმატება. დღეს, მე ამას არ გავიმეორებ.

ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ - მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ რურუა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მისი ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს. გიორგი რურუა თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და დაკავებას უკავშირებს 2019 წლის ივნისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.

ოპოზიცია აცხადებს, რომ გიორგი რურუას, ისევე როგორც ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლება, 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]