weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოს ომი არ დაუწყია, რუსეთი ოკუპანტია – ეპისკოპოსი მელქისედეკი

15:23 შაბათი, 08 აგვისტო 2020

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) 2018 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ებრძოდა 2008 წლამდეც და ებრძვის მას შემდეგაც.

ეპისკოპოსის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,

კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამდე და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში.

აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წარუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში.

რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს.

ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - „დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან.

ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა. რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი.

და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა.

საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!“.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]