„დღეს 12 წელი შესრულდა, მას შემდეგ რაც ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებას უპასუხა. უპასუხა იმ ნაძირლების ქმედებებს, რომლებმაც გასცეს ბრძანება, ცეცხლი გაეხსნათ მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების, ასევე რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ, რომლებიც იცავდნენ მშვიდობასადა უსაფრთხოებას, მათ შორის ქართულ სოფლებშიც.
ფაქტობრივად, ეს იყო რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადება. სწორედ ამიტომ მივიღე რთული, თუმცა ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება - დამეცვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თავდაპირველად, დამეცვა ისინი აგრესიისგან, ხოლო შემდგომ, მათივე მოქალაქეების მოთხოვნით მეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში ამიერკავკასია დენთის კასრად გადაიქცეოდა, რაც რუსეთისთვის, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა მტკიცე მშვიდობის შენარჩუნებას მეზობელ სახელმწიფოებში, აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა“, – აცხადებს მედვედევი.
მისივე თქმით, „რუსეთი ყოველთვის იქნება მოსაზღვრე სახელმწიფოებში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარეს“.
„ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება სწორედ ამით, აბსოლუტურად წრფელი სურვილითაა ნაკარნახევი. ამასთან, რუსეთი, და ეს მკაფიოდ უნდა იქნეს დამახსოვრებული, არ დაუშვებს ჩვენს მოქალაქეებზე თავდასხმებს, სადაც არ უნდა მოხდეს ეს. ჩვენი პასუხი ყოველთვის იქნება შექმნილი ვითარებისადმი აბსოლუტურად ადეკვატური, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიზნით როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში“, – აცხადებს დიმიტრი მედვედევი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.