weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება – პრეზიდენტი კრიმინალზე

18:53 კვირა, 09 აგვისტო 2020

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია და საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება.

„მე სხვაგანაც მიცხოვრია და ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც, სამწ​უხაროდ, ყველგან ხდება. ეს თანამედროვე მსოფლიოს სენია და აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. 

საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს.
მგონი, ის არის ძალიან მძიმე, როცა ქვეყანაში ტელევიზიებიდან დილიდან საღამომდე მხოლოდ ეს გვესმის“, 
– განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კრიმინალის ფართოდ გაშუქება ახალგაზრდების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.

„ეს ძალიან ცუდად აღისახება ჩვენს ახალგაზრდებზე, მათ ფსიქიკაზე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვაცხოვრებთ. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს ცოტა დისტანციაზე შევხედოთ. არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეს რაღაცა მონსტრი არ უნდა გავხადოთ, როგორიც არ არის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გუშინ, 8 აგვისტოს, ახალქალაქში, ცენტრალურ პარკთან მომხდარი ჩხუბის შედეგად 27 წლის მამაკაცი მოკლეს. გულის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მოკლულის თანასოფლელებმა, რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ, იმ სასტუმროებისა და სახლების დარბევა დაიწყო, რომლებიც სავარაუდო მკვლელს და მის მეგობრებს ეკუთვნით. საერთო ჯამში, ოთხი საცხოვრებელი სახლი და ერთი სასტუმრო – „არტსეგი“ დაარბიეს და გადაწვეს. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი დააკავეს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე კი გამოძიება გრძელდება.

გუშინვე მკვლელობა მოხდა ტყიბულში, სადაც 40 წლამდე მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებთ განცხადება არ გაუვრცელებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის იანვარ-მაისში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაული 18.3%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში სულ 23 114 დანაშაულია რეგისტრირებული, 2019 წლის იმავე პერიოდში კი – 28 290 იყო. როგორც წელს ისე შარშან, დანაშაულის მხოლოდ 30%-ია გახსნილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]