Deutsche Welle-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, ჰაიკო მასმა აღნიშნა, რომ გერმანიის მრავალჯერად მიმართვებს რუსული მხარისგან რეაქცია არ მოჰყოლია. მისივე თქმით, გერმანიამ რუსეთს ორი ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა სამართლებრივი დახმარების შესახებ. აქედან ბოლო მიმართვაზე პასუხი მიიღეს, მაგრამ მხოლოდ იმ საკითხების ნახევარზე, რომელიც ბერლინს აინტერესებდა.
რაც შეეხება რუსეთისთვის ხანგოშვილის მკვლელობის შესაძლო შედეგებს, ჰაიკო მასმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ბერლინის სასამართლოს განაჩენზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩადენილი იქნა თუ არა დანაშაული მოსკოვის დავალებით.
„თუ ამ განაჩენში იქნება შესაბამისი დასკვნები, უნდა დაველოდოთ, მოგვიწევს ამ საკითხს კვლავ დავუბრუნდეთ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სერგეი ლავროვმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით, მოსკოვმა ბერლინისგან კონკრეტული მტკიცებულებები ჯერჯერობით ვერ მიიღო.
„რაც შეეხება თირგართენში მომხდარ ცნობილ მკვლელობას, ჩვენი სურვილია, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს. ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა გერმანელ კოლეგებს გადასცეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ინფორმაცია საკმარისი არაა, მაგრამ ჩვენც ვისურვებდით მიგვეღო დასტური, რაიმე მტკიცებულება გერმანიის გენერალური პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ამ მკვლელობასთან პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთის სახელმწიფოს. ჯერჯერობით ჩვენ არ მოგვისმენია კონკრეტული პასუხი“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ხანგოშვილი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოკლეს. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მკვლელობის საფუძველს ხანგოშვილის ოპოზიციური დამოკიდებულება წარმოადგენდა როგორც რუსეთის ფედერაციის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მიმართ. მოგვიანებით საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა განმარტა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს მთავრობის პრორუსულად მოხსენიება ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არა გერმანიის პროკურატურის პოზიცია.
გერმანიის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს. ანგელა მერკელის თქმით, გერმანია ამის უფლებას იტოვებს და ახლა საჭიროა, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.
40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსი ეროვნების ვადიმ კ. იმავე დღეს დააკავეს.
რუსეთის ხელისუფლება მკვლელობასთან კავშირს უარყოფს და ხანგოშვილს ტერორისტად მიიჩნევს.
ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების ლიდერი. არსებული ინფორმაციით, 2008 წელს, საქართველოს მთავრობის დავალებით, ხანგოშვილმა შეკრიბა მოხალისეთა რაზმი ცხინვალის რეგიონის დასაცავად, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამომდინარე რაზმი არ გამოუყენებიათ რუსეთ-საქართველოს ომში. მან საქართველო მკვლელობამდე ორი წლით ადრე დატოვა და გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია.